ხატვის როლი მოზარდის გონებრივ განვითარებაში

აპრილი 09, 2017

“ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და არ გვახსოვს ამ შეუცნობელ შესაძლებლობათა ნამდვილი ფასი. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გამოვიყვანოთ ბავშვი ბავშვური სამყაროდან. გვინდა, ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე-ადრე მოვამზადოთ. მოტივი კეთილშობილურია, შედეგი კი ხშირად – არასასურველი. ვიწვევთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება.

სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სამი ეტაპი: თამაში, ხატვა და ზღაპრის ინტერესი. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გრძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ამასთან, ხატვა ბავშვის ქცევის ის ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობასაც გულისხმობს და ამ უნართა უკუგავლენასაც.

დღეს ძალიან დიდი დრო ეთმობა ტელევიზიას, ინტერნეტს… მშობელიც, რომელსაც აღარაფრისთვის აღარ რჩება დრო, იძულებულია, თავისი პატარა ეკრანის წინ დააჯინოს და თვითონ ამოისუნთქოს. ამ დროს ბავშვი ხედავს მზა მასალას, სადღაა ფანტაზია, მისი შინაგანი პოტენციალის ამოქმედება, რაც უხვად აქვს ბავშვს სწორედ ამ ასაკში?“

რა როლს ასრულებს ხატვა სკოლამდელი ბავშვის გონებრივ განვითარებაში?

ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა და ისინი ხშირად, დიდი გატაცებით ერთვებიან ამ საქმიანობაში, თუ ამის საშუალებას მივცემთ.

ბავშვის ხატვა დიდი ხანია მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენს. მისი შესწავლა სხვადასხვა კუთხით აინტერესებთ სხვადასხვა მეცნიერების წარმომადგენლებს: ისტორიკოსებს, ბიოლოგებს, ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს…

ბავშვის ნახატიდაკვირვებიხართ, როგორ ხატავს პატარა? როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება ასაკის მატებასთან ერთად ამ პროცესისადმი? მიეცით ბავშვს ფანქრები და ფურცელი. 2 წლის ბავშვი თავდაპირველად ერთობა, პირისკენ მიაქვს ფანქარი. ფურცელს კი აფრიალებს, ხევს და აქეთ-იქით ყრის. საკმარისია, უფროსმა აჩვენოს, როგორ ტოვებს კვალს ფანქრის წვერი ფურცელზე, რომ ბავშვიც იხიბლება ამ საოცრებით და იწყებს ხატვას. უფრო სწორად, “ჯღაბნის”, ჯერ ავლებს ხაზებს, არც ფერებს აქცევს ყურადღებას. მაგრამ თანდათან არკვევს, რომ ხაზი შეიძლება მოამრგვალო, მისცე სხვადასხვა ფორმა. ბავშვი ხატავს სასაცილოდ. ადამიანს თავისა და ფეხების საშუალებით გამოსახავს… ის ხატავს იმას კი არა, რასაც ხედავს, არამედ იმას, რაც იცის ამ საგნის შესახებ. მისთვის მთავარია შინაარსი და არა – ფორმა. იგი ნახატის საშუალებით გვიყვება ამბავს. ბავშვი ხატავს გატაცებით და ეს მოქმედება ნელ-ნელა სწავლების პროცესად იქცევა. ის სწავლობს და ითვისებს ახალ და ახალ ინფორმაციებს სამყაროზე. ხატავს ისე, როგორც აღიქვამს გარემოს და რა უნარებიც გააჩნია მის გადმოსაცემად.

ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებს, მცენარეებს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა, ემოციები, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე, დაასრულოს ნამუშევარი. სწავლობს განწყობის შემუშავებას. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, განიცადოს ამ პროცესში სიხარული, თვითკმაყოფილება. ამდენად, მეტად დიდია ხატვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა და ბავშვზე მისი ზეგავლენაც.

წყარო: http://www.ambioni.ge/xatvis-roli-mozardis-gonebriv-ganvitarebasi

ახალშობილის ზრდა“ძიძების დამსაქმებელი სააგენტოების ასოციაცია”

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი,
ბარნოვის 82.

ელ. ფოსტა. contact@mzrunveli.ge

(+995) 322 23 67 65
დეტალურად
ბოლო სიახლეები